დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5 პროცენტზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და „ლელოსთვის“ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არ გაუკვირდება, რომ ბარიერის დაწევაზე დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულოს. „მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება”, ბარიერის დაწევა იყო შეთანხმება მათ შორის, მიშელის დოკუმენტით, რომლიდანაც „ქართული ოცნება” გავიდა და არ გამიკვირდება, არც ეს პირობა არ შეასრულოს. მთავარი არის არა ბარიერის დაწევის საკითხი, არამედ იმ პოლიტიკური ფორმულის მოძებნა, რომელიც შეცვლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას”, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გადარჩენისთვის. მე დარწმუნებული ვარ, იმ საზოგადოებრივი განწყობის ფონზე, რამდენი გაყალბებული შედეგიც არ უნდა გამოაქვეყნოს „ქართულმა ოცნებამ“ და თავის დამშვიდებას შეეცადოს, ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეების 70 პროცენტი ითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5 პროცენტზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და “ლელოსთვის” ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი”, – განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალოს.
„ხელისუფლებამ, რომელმაც ჩააგდო ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, მოლოდინი, რომ რაიმე ახალ პირობას ან ძველ შეუსრულებელ პირობებს ამ ჯერზე შეასრულებენ, ცხადია, არ გვაქვს. ხელისუფლების შეცვლის გარეშე არანაირი მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ჩვენს ქვეყანაში არ გაიხსნება, გასაღები ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, არის რუსული რეჟიმის დასრულება ქვეყანაში”, – განაცხადა სამადაშვილმა.