მამუკა მდინარაძის და ირაკლი კობახიძის შემდეგ, მთლიანად, “ოცნების” გუნდი სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურ და ფორმალურ პრეზიდენტად აცხადებს.
მეტიც, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მავნებელია და იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, ის საერთოდ აღარ არის პრეზიდენტი.
“ის არ შეიძლება იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად, ის არის მავნებელი და სამწუხაროდ, ჩვენ დავუშვით, როდესაც ის წარვუდგინეთ მოსახლეობას. საქართველოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტის შედეგად აღარ არის პრეზიდენტი”. – ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს არაფორმალური უწოდა. “ოცნების” ლიდერი განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ გააგრძელა და მანაც სალომე ზურაბიშვილი არაფორმალურად გამოაცხადა. მდინარაძე-კობახიძის მესიჯბოქს მთელი “ქართული ოცნება” აჰყვა. ახლა მთავარი კითხვაა, ვის მოუვიდა თავში პირველს იდეა, რომ პრეზიდენტი არაფორმალურად გამოეცხადებინათ და ვინ არის გუნდში ამ იდეის ავტორი.
“ოცნების” მორიგი იერიშის სამიზნე საქართველოს პრეზიდენტი ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო გახდა, სადაც პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერის შესაძლო გასამართლებაზე ისაუბრა.