აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი მიიღო

Published:

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ სენატმაც დაუჭირა მხარი კანონპროექტს მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ, რომელმაც ქვეყანას თავიდან უნდა ააცილოს ე.წ. შათდაუნი – სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება.

15 ნოემბერს, სენატის სხდომაზე კენჭისყრისას, კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა სენატორმა. 11 წინააღმდეგი იყო. ერთი დღით ადრე, 336 ხმით 96-ის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში – რესპუბლიკელები.

კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტი არ მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას.

კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების ნაწილის დაფინანსების გაგრძელებას 2024 წლის 19 იანვრამდე და ნაწილის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს – 2 თებერვლამდე, ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მას ვადა 18 ნოემბრამდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მთავრობა ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ამჟამად აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ სექტემბრის ბოლოს დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის ვადა 17 ნოემბერს იწურება.

აშშ, სადაც ფინანსური წელი, ტრადიციულად სექტემბერში სრულდება, მომავალი, 2024 წლის სრულყოფილი ბიუჯეტის მიღებას ვერ ახერხებს ზოგიერთ პარამეტრზე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოების გამო. მათ შორისაა უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img