ნეთანიაჰუ – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მაგრამ ვერ ვახერხებთ

Published:

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზას სექტორში მშვიდობიან მოსახლეობას შორის  დაღუპულების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს, მაგრამ ჰამასის ქმედებების გამო ამას ვერ ახერხებს.

„ყველა მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი ტრაგედიაა და ეს არ უნდა მომხდარიყო, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საფრთხე თავიდან ავაცილოთ მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ ჰამასი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი თავდასხმის ქვეშ დატოვონ“, – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CBS News-თან ინტერვიუში.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ კონკრეტულ ადგილზე თავდასხმის წინ ისრაელის არმია ავრცელებს ბუკლეტებს და აგზავნის SMS-ს გაფრთხილებით და მოუწოდებს მშვიდობიან მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებას. “და ბევრი მიდის”, – თქვა ნეთანიაჰუმ.

„ჩვენ ვეცდებით დავასრულოთ ეს საქმე მშვიდობიანი მოსახლეობის მინიმალური  მსხვერპლით. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ: მინიმუმამდე დავიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გამოგვდის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ამავე ინტერვიუში ნეთანიაჰუმ ისაუბრა ალ–შიფას ჰოსპიტალში მიმდინარე სპეცოპერაციაზე:

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ალ შიფას ჰოსპიტალი ჰამასის ლიდერების და ტერორისტების თავშესაფარი იყო. როცა ჩვენი ჯარები მიუახლოვდნენ ჰოსპიტალს, ისინი გაიპარნენ. ამიტომ არ გაქვს მძიმე ბრძოლები ჰოსპიტლის შიგნით. ჩვენ იქ არაბულად მოლაპარაკე ისრაელის ექიმებთან ერთად შევედით, ინკუბატორებით, ცეცხლი არ გაგვიხსნია.  თუმცა ჰამასი ამ ჰოსპიტლის პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებდა. მინუს ორ სართულზე ჩვენ ვიპოვნეთ სამეთაურო საკონტროლო ცენტრი, სამხედრო კომუნიკაციები, კოდირებული აპარატურა, ვიპოვნეთ ბომბები, იარაღი, ასევე ვიპოვნეთ ტერორისტების გვირაბები ჰოსპიტლის კომპლექსში.

ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან ფრთხილად, რადგან ჩვენ ვცდილობთ მორალურად სწორად მოვიქცეთ. თუმცა ამავე დროს წავართვათ ჰამასის ტერორისტებს უსაფთხო ზონა, რომელიც მათ მოიწყვეს ჰოსპიტალში და გავანეიტრალოთ ისინი. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან და ასე გავაგრძელებთ.“–თქვა ნეთანიაჰუმ.

ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზა სექტორის  დაახლოებით 11,5 ათასი მცხოვრები უკვე დაიღუპა ომის 41 დღის განმავლობაში. სხვა დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ საკითხზე მონაცემები არ არსებობს.

ნეთანიაჰუმ იმავე ინტერვიუში თქვა, რომ ჰამასის დამარცხების შემდეგ ისრაელი არ აპირებს ღაზას სექტორის ხელახალ ოკუპაციას, მაგრამ აპირებს მასზე სამხედრო კონტროლის შენარჩუნებას, რათა თავიდან აიცილოს ტერორისტული ორგანიზაციების აღორძინება.

“ჩვენ ომს სამი მიზანი აქვს: პირველი, ჰამასის განადგურება, მეორე– ჩვენი მძევლების გათავისუფლება და ისრაელში დაბრუნება, და მესამე – დავრწმუნდეთ რომ ტერორიზმის მსგავსი საფრთხე ღაზადან აღარასოდეს გაჩნდება. ღაზას განსხვავებული მომავალი ექნება ჩვენთვის, პალესტინელებისთვის და მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ღაზას დემილიტარიზაცია და დერადიკალიზება“, – თქვა პრემიერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img