თინა ბოკუჩავა ლევან მგალობლიშვილის ალკოტესტზე შემოწმებას ითხოვს

Published:

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ლევან მგალობლიშვილს შემოწმება, რათა დადასტურდეს, რომ არღვევს პარლამენტის რეგლამენტს და ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ .

ბოკუჩავა ითხოვს, დადგეს მგალობლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები „რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ყველაზე უკომპრომისოდ იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე „რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. დღეს ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არც ერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ძალიან კარგად სცოდნია ამ ადამიანს უხამსი, ამორალური პერსონალური თავდასხმის, გინების გამოყენება სხდომათა დარბაზში. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ არღვევს პარლამენტის რეგლამენტს, კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს კოლეგა დეპუტატების წინააღმდეგ, დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ პირადად გია ვოლსკის, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას   „ნაბიჭვარი“ უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ,მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და მიმართა, რომ ის ტყუილს ამბობდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img