შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ახალი თავი იხსნება

Published:

დღეს საქართველოს პარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან ერთად უკვე მესამე კონფერენციას ატარებს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება, – განაცხადა შალვა  პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წინა ორი კონფერენცია შედეგიანი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, მივედით პოზიტიურ რეკომენდაციამდე.

„ახლა უკვე ახალი თავი იხსნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, რომელიც 9 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული. დღეს ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა, მათ შორის, განვიხილავთ ჭარბი გავლენის თავიდან აცილების შესახებ სამოქმედო გეგმის პროექტს. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის განხილვისას სამოქალაქო საზოგადოება აქტიური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა მალე დამტკიცდეს, იმისთვის, რომ გეგმის განხორციელებაზე გადავიდეთ. კონფერენციაში პარლამენტიდან წარმოდგენილი იქნებიან როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე ოპოზიცია. წინა ორმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ამგვარი კონფერენცია ძალიან საგნობრივი დისკუსიის პლატფორმაა. იმედი გვაქვს, რომ დღესაც შინაარსობრივი, საგნობრივი დისკუსია იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მესამე ერთობლივ კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გამართავენ.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img