თეთრმა სახლმა გაავრცელა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართვა
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მილიონობით უკრაინელი დაიღუპა 1932-1933 წლებში „იოსებ სტალინისა და საბჭოთა რეჟიმის არაადამიანური პოლიტიკის მიერ ხელოვნურად შექმნილი შიმშილობის გამო“.
„სტალინი და მისი რეჟიმი სისტემატურად იტაცებდნენ უკრაინულ მარცვლეულს და აგზავნიდნენ სსრკ-ს სხვა ტერიტორიებზე, რათა გაენადგურებინათ უკრაინელების ეროვნული იდენტობა“, – თქვა ბაიდენმა. მისივე თქმით, ახლაც უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა კვლავ თავდასხმის ქვეშაა, ამჯერად ვლადიმირ პუტინის დამპყრობლური ზრახვების გამო.
„რუსული ძალები ცდილობენ გაანადგურონ უკრაინის ეკონომიკა და დამოუკიდებლობა მინდვრების განზრახ დაზიანებით და უკრაინული მარცვლეულისა და პორტების განადგურებით. ეს არ არის მხოლოდ შეტევა უკრაინის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ეს არის ცინიკური თავდასხმა სასურსათო უსაფრთხოებაზე მთელ მსოფლიოში. პუტინი ზიანს აყენებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ საზოგადოებას რუსეთის საკეთილდღეოდ” – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.