ქობულეთის პანსიონატის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. თამთა მიქელაძის ინფორმაციით, სასამართლომ რამდენიმე სახის დარღვევა დაადგინა, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციასთან ერთად და საკუთრების უფლება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროპულ სასამართლოს 2019 წელს მიმართა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და მე-14 მუხლების (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე დაობდა.
ქობულეთის პანსიონატის საქმეზე, რომელიც 2014 წლიდან ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას და დისკრიმინაციულ შევიწროებას უკავშირდება და რომელშიც სახელმწიფომ მუსლიმი თემის უსაფრთხოების და უფლებების დაცვაზე დემონსტრაციული უარი თქვა და ამ დრომდე უკვე 9 წელია იგივეს აკეთებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეების მიმართ დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციასთან ერთად, ასევე საკუთრების უფლება.
ეს საქმე ყველას გვახსოვთ იმ შემზარავი ისლამოფობიური აქტით, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა პანსიონატის ჭიშკართან ღორი დაკლა და მისი თავი შენობის კარზე მიაჭედა. მომდევნო თვეები კი პანსიონატის შენობასთან ორგანიზებული აქციებით და მორიგეობით ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სასულიერო პირებს და პანსიონატის სტაფს. ეს აქტი ისლამოფოობის კლასიკური შემთხვევა იყო და უმძიმესი გამოცდილების გამოვლა მოუწიათ ადამიანებს.
ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სამართლის სისტემის შიგნით ჩვენი მოქალაქეები ვერ იღებენ დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას, ამას ვახერხებთ ევროპული სასამართლოს გზით და მართლმსაჯულება მაინც ზეიმობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის შევიწროების და ძალადობის მინიმუმ 9 უმძიმესი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას არ აძლევდა, ან თავად სახელმწიფო უხეშად არღვევა მათ უფლებებს რელიგიის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევით და ზოგჯერ ძალადობით მათზე.
ციხისძირი (2011)
ნიგვზიანი (2012)
წინწყარო (2012),
სამთაწყარო (2013)
ჭელა (2013)
მოხე (2014)
ქობულეთი (2014)
ადიგენი (2016)
ბუკნარი (2021)
ბევრ რამეს გავაკეთებთ ამ საქმით უკვე აღსრულების ეტაპზე და შევძლებთ შევცვალოთ ქართველი მუსლიმი თემის (და არა მხოლოდ ამ თემის) უფლებების დარღვევის ეს პრაქტიკა,”- წერს მიქელაძე.
ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მუსლიმთა პანსიონი 2014 წლის 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო და სწავლაც დაწყებულიყო, თუმცა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს და მისი თავი პანსიონის კარზე მიამაგრეს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არ გასწია სათანადო ძალისხმევა მუსლიმი თემის უფლებების აღდგენისა და სოციალური ცვლილებებისთვის.