„წერეთლის მექსიკურის“ ბრენდის მოპარვისთვის კომპანიები დააჯარიმდნენ

Published:

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი კვების მომსახურების სექტორში მოკვლევა დაასრულა და შპს ,,წერეთლის მექსიკურის” საჩივრის საფუძველზე,  შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე”-ს და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1″-ს მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მოპარვის ფაქტები დაუდასტურდათ.

სააგენტოს ცნობით, მათ შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მოკვლევა ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.

ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო ფარმაციის, კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით ოთხი მოკვლევის პროცესს აწარმოებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img