ფოთში, ოპოზიციამ მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი გააპროტესტა

Published:

ფოთში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა  სანაპირო ზოლზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ  ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს,  რომ გამაგრებითი სამუშაოები ჩაეტარებინათ, თუმცა მხოლოდ  ზედაპირული შეკეთება განხორციელდა,  რის გამოც  სტიქიამ  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სანაპირო ზოლს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

“რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ განცხადება არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, თუ როგორი განადგურებულია ფოთის სანაპირო ზოლი, მოვუწოდეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მოეგვარებინათ ეს პრობლემა. ვინაიდან, ზედაპირული შეკეთება არ ნიშნავდა პრობლემის მოგვარებას,  მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. შეიძლება თქვან და გაიმართლონ თავი, რომ სტიქიას წინ ვერავინ გადაეღობება, მაგრამ შეიძლება სტიქიამ მოიტანოს მინიმალური ზარალი და დაზიანება. ამ შემთხვევაში კი სტიქიამ მაქსიმალური ზარალი მოუტანა ფოთის სანაპირო ზოლს. ეს მონაკვეთი გაირღვა და ახლა შესაძლოა  გაგრძელდეს რღვევა მთლიან სანაპირო ზოლზე. აქვე არის სასაფლაო და მასაც ემუქრება წალეკვა. უნდა ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამაგრება უნდა მოხდეს სანაპირო ზოლის და არ უნდა იყოს ზედაპირულად შეკეთებული. სანაპირო ზოლს ემუქრება მთლიანად მოწყვეტა. არანაირი რეაგირება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ არის, თუ როდის და რას დაიწყებენ. მოვუწოდებ საკრებულოს თავმჯდომარეს და ქალაქის მერს მიიღონ მაქსიმალური ზომები და ქალაქს დაუბრუნონ სანაპირო ზოლი, რომ ქალაქი  ზღვის სეზონს შეხვდეს  რეაბილიტირებული სანაპირო ზოლით. ქალაქის და მმართველობის სირცხვილია,  ზღვის სეზონზე ადგილობრივები  რომ გადიან ქალაქგარეთ, რათა ზღვაზე დაისვენონ “- განაცხადა საკრებულოს წევრმა „ ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა ჯოჯუამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია მყისიერი რეაგირება და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება:

“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა სტიქიის დაწყებისთანავე დაიწყო მყისიერი რეაგირება. მომხდარი სტიქიის შედეგად  დაზიანდა კუნძულის სანაპიროს ინფრასტრუქტურა. რამდენიმე ადგილას ზღვამ დაანგრია ჯებირები.იმის გამო, რომ წყალს არ მიეღწია სანაპიროსთან ახლოს მდებარე მოსახლეობამდე და სასაფლაომდე,მუნიციპალიტეტი  მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა  დამცავი ბარიერების მოწყობას ე.წ. ტეტრაბოტების საშუალებით.
უკვე დაწყებულია

ზარალის შეფასება და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში განხორციელდება შესაბამისი სამუშაოებიც.

ასევე, აღსანიშნავია რომ, საქართველოს  მთავრობის დაფინანსებით  კუნძულის სანაპიროზე უკვე დაწყებულია ნაპირგამაგრების სამუშაოები, რომელიც დაიცავს სანაპირო ზოლს”.- აცხადებენ ფოთის მერიაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img