30 ნოემბერს, თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე “საქართველოს კინოინსტიტუტის” პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაცია საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებულმა კინემატოგრაფისტებმა დააფუძნეს.
კინოისნტიტუტის შექმნის მიზეზებზე დამფუძნებლები Facebook-ის გვერდზე წერენ და აღნიშნავენ, რომ 500-მდე კინემატოგრაფისტი აპროტესტებს კულტურის სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, თუმცა, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმა არ ნიშნავს შემოქმედებითი პროცესების შეჩერებას და შეწყვეტას.
“მიმდინარე პროცესებმა კიდევ უფრო გამოკვეთა ქართული კინოს მხარდამჭერი ალტერნატიული წყაროების და პლატფორმების გაჩენის საჭიროება.
დღეს, ჩვენ, საერთო ღირებულებების მქონე კინემატოგრაფისტები ვქმნით ,,საქართველოს კინოინსტიტუტს“ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი ეროვნული კინო, დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება, განვავითაროთ ქართული კინოსექტორი, გავაძლიეროთ საერთაშორისო კავშირები, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ კინოს, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია”, – აღნიშნულია განცხადებაში.