“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ, დაახლოებით 300-ამდე ადამიანმა დატოვა. შესაბამისი განცხადება ბესიკ გაზდელიანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
ბესიკ გაზდელიანის განცხადებით, პარტიის დატოვებით ნაბიჯს დგამენ წინ, ნათელი მომავლისთვის საბრძოლველად.
“დღეს აქ ვდგავართ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა. ესენი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში უანგაროდ და ერთგულად ემსახურებოდა პარტიას და იმ ღირებულებებსა და იდეალებს, რის გამოც თავის დროზე ამ პარტიაში მოვედით.
მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია, შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრისა, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. დღეს წარმოდგენილი ადამიანები მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. გვიწევს, სამწუხაროდ, ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა ალბათ ამ ეტაპისთვის აუცილებელი – ჩვენ ვტოვებთ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დღეს მამები რომ ვდგავართ და ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის, ხვალ ჩვენს შვილებს იმავეს კეთება არ მოუწიოთ თავისუფლების მოედანზე. ვიბრძვით იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.