პედაგოგები განათლების მინისტრის მხრიდან უფლებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით გაეროს მიმართავენ – მაია ეკალაძე და დავით ფერაძე ორი კვირის განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდნენ დირექტორების კონკურსის პროცესში გამოკვეთილ დარღვევებს, ისინი პროტესტს გაეროს ოფისთან აგრძელებენ.
“დღეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. მე და მაია ეკალაძემ გადავწყვიტეთ ჩვენი ბრძოლა გაგვეგრძელებინა გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან.
“იცით, რომ ორი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჩვენი საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან ნეპოტიზმისა და კორუფციის გასაპროტესტებლად, ხოლო 4 დეკემბრიდან უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმზე გადავერთეთ.
გუშინ შევცვალეთ ტაქტიკა, დღეს დავიწყეთ გაეროსთან – მოვუწოდებთ გაეროს, ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან საფრთხე ემუქრება, ზოგადად, ჩვენს მომავალს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ასევე, არის დისკრიმინაციის დიდი ალბათობა ქვეყანაში”, – განაცხადა დავით ფერაძემ.
მასწავლებლები დირექტორების შესარჩევ ხელახალი კონკურსის ჩატარებას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შერჩევა უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით წარიმართა. ეს მოთხოვნა მათ 2 დღის წინ მინისტრსაც გააცნეს, თუმცა, შეხვედრის შემდეგ, გიორგი ამილახვარმა უარი თქვა პირობების შესრულებაზე.
განათლების სამინისტროსთან სკოლის დირექტორების კანდიდატები რამდენიმე კვირა პროტესტის ნიშნად იკრიბებოდნენ – ერთ-ერთმა კანდიდატმა მაია ეკალაძე პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს მიმართა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რას განათლების სამინისტროსთვის მიცემული ვადა ამოიწურა.