საზოგადოებრივი მაუწყებელი ხურავს დათო გორგილაძის გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”.
მისი თქმით, არხის ხელმძღვანელობამ მიზეზად ბიუჯეტის რესტრუქტურიზაცია დაუსახელა.
შესაძლოა, დაიხუროს არხის სხვა გადაცემებიც.
რაც შეეხება მაუწყებლის ბიუჯეტს – პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება საზმაუს დაფინანსების არსებული წესი და 2026 წლიდან მაუწყებელი დაფინანსდება თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით.
მომდევნო 2 წლის განმავლობაში საზმაუს ბიუჯეტი კვლავ მთლიან შიდა პროდუქტზე იქნება მიბმული – და მშპ-ის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით განისაზღვრება.
ახალი წესით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დაფინანსდება საქსტატის მონაცემებით დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.
აღნიშნული წესი ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან. 2024 და 2025 წელს საზმაუ დაფინანსდება წინა წელს მისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობით.
კანონპროექტით იცვლება აჭარის ტელევიზიის და რადიოს დაფინანსების ოდენობა. 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით. არსებულ კანონში 2026 წლიდან აჭარის მაუწყებლობის დაფინანსება 17%-ით იყო გათვალისწინებული.