იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან დათქმებს, რაც გულისხმობს საგარეო პოლიტიკას, რეფორმებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება იმისთვის, რომ საქართველომ მომავალ წელს გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე – რუსეთის გავლენები იზრდება და მისი მაამებლური პოლიტიკა, რაც ხელისუფლებას აქვს, გრძელდება, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, დეკანოიძე ფიქრობს, რომ „მიზეზი არის ის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რომლის განხორციელება დაიწყო ჯერ კიდევ 2012 წელს და ასევე, მიზეზი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არავითარი დამოკიდებულება არ შეცვალა რუსეთის მიმართ”.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დათქმა იმ 9 დათქმიდან, რაც საქართველოს აქვს შესასრულებელი. გარდა ტექნიკური პარამეტრებისა, არსებობს ზოგადი აღქმა, რომელიც აქვს ევროკავშირს და არსებობს პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკასთან დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა იყოს 100%-იან თანხვედრაში საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან დათქმებს, რაც გულისხმობს საგარეო პოლიტიკას, რეფორმებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება იმისთვის, რომ საქართველომ მომავალ წელს გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.