ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა „ქართულ ოცნებაზე“, კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამაზე იყო ხაზგასმული მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, – ასე შეაფასა გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ პროცესზე გაკეთებული განცხადებები.
„ახლა ან არასდროს! ნამდვილად ასეა. მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ” მტკიცება დაიწყო იმის, რომ ევროკავშირმა არ იცის, რა არის საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმა, თურმე მიქანაძემ და კობახიხემ იციან. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ამიტომ, ეს ხალხი უნდა გავუშვათ, ვინც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძვლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით წავა.
„მინდა ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მინდა, რომ ვუთხრა 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, ჩვენ ეს სტატუსი რომ არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციაზე მუდმივად. რუსული „აგენტების კანონი“ შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენს გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა აიძულა ამ დოკუმენტის უკან გახმობა, რამაც ჩვენს ხალხს ევროკავშირში გაუხსნა გზა.
ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას. ან ახლა ან არასდროს! ისინი აპირებენ ჩვენი გზის მუდმივად საბოტირებას. ქართველი ხალხისთვის არის ორი არჩევანი – ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში და მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ გაგრძელდება, შეიძლება გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას და მაშინ საქართველო სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ, გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს“, – განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე.