პრემიერის გამოსვლა, თითქოს პოლიციელების ხელფასი გაიზარდა, ფაქტობრივად, ტყუილია. გაძვირებულ საკვებს რომ ყიდულობ ციფრებში მომატებული ხელფასით, გამოდის, რომ ხელფასი რეალურად არ გაზრდილა, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი.
„დავიწყოთ იმით, რომ პრემიერის ანგარიშის მოსმენისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს და პოლიციის თანამშრომლები ცხოვრობენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათი შემოსავლები წლიდან წლამდე არ უნდა იზრდებოდეს. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში სხვა პროფესიის ადამიანებიც ცხოვრობენ და ხელფასები მათთვისაც უნდა იმატებდეს. ამასთან, ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, იტყუება, როცა თუნდაც პოლიციელების ხელფასების ზრდაზე საუბრობს.
თუ გავითვალისწინებთ სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირებას, მაღალ ფასებს, რა გამოდის – გაძვირებულ საკვებს რომ მომატებული ხელფასით ყიდულობს პოლიციელი, ეს რეალური ზრდა ხომ არ არის. იზრდება ციფრებში და რეალურად კი, პოლიციელების ცხოვრებაში არაფერი იცვლება.
ჩვენი პარტია სოციალურ თანასწორობაზე და ხალხის კეთილდღეობაზე საუბრობს და მუშაობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.