პრივატიზაცია

Published:

საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა, ამის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი საქართველოს ხელში არსებული აქტივების არასწორი გამოყენებაა. შემოთავაზებული გამოსავალია მასიური პრივატიზაცია, განსხვავებული ფორმით, ვიდრე დღეს ვხვდებით.

საქართველოს ისტორიაში უკვე არსებობს უფასო პრივატიზაციის პრაქტიკა, რომელიც ვაუჩერიზაციის სახელწოდებითაა ცნობილი. მოცემული პრივატიზაციის სახე არ იყო პოტენციალის ათვისების პოლიტიკით იმდენად ეფექტური, რამდენადაც რამდენიმე ძირეული პრობლემის გამო უნდა ყოფილიყო.

პრივატიზაცია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ერთადერთი გამოსავალია. ვეცდები, მარტივად ავხსნა, რას ნიშნავს პრივატიზაცია და რაში მდგომარეობს მისი არსი.

პრივატიზაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების კერძო საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს. პრაქტიკაში ვხვდებით ორი სახის პრივატიზებას, ესენია: ფასიანი პრივატიზაცია და უფასო.

ა/ო  ,,გახდი მესაკუთრე’’-ს ბოლო კვლევების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არის სასოფლო-სამეურნეო მიწების 64,7%, ხოლო კერძო საკუთრებაში – 35,3%. სასარგებლო წიაღისეულის 100%, ტყის რესურსის 99,99%, ზედაპირული წყლის 100%, შენობა-ნაგებობები, ურბანული მიწები და სახელმწიფო საწარმოები – მოცემული ქონება ზედმეტად არაეფექტურია ქვეყნისთვის, რადგან მათი დღევანდელი კაპიტალიზაცია, ანუ ღირებულება 0-ის ტოლია, რაც ქვეყანას არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ აძლევს. გამოდის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივები უბრალოდ დაკონსერვებული და გაყინული აქტივებია, რომლებიც არაეფექტურად იყიდება. თუ რატომ, შევეცდები, გასაგებ ენაზე ავხსნა და დავასახელო ის ფაქტორები, რომელთაც ადამიანთა უმეტესობა შეუიარაღებელი თვალით ვერ ამჩნევს. ჩამოთვლილი მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეკონომიკა საკუთარი პოტენციალის სულ რაღაც 35,3%-ს იყენებს.

ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის პრივატიზაციის გეგმას სახავს, ანუ ფასიან პრივატიზაციას ახორციელებს, რაც ხშირ შემთხვევაში არც კი სრულდება. ისმის კითხვა: რაში გვჭირდება სახელმწიფო პრივატიზების გეგმა და რას გვაძლევს მისი შესრულება?

ბიუჯეტის დეფიციტის დროს, როდესაც სახელმწიფოს თანხები აკლდება, ცდილობს აუქციონზე გამოიტანოს და გაყიდოს თავის საკუთრებაში არსებული აქტივები, რასაც ფასიანი პრივატიზაცია ეწოდება. ფასინი პრივატიზების დროს სახელმწიფო არასწორად ასტიმულირებს საბაზრო ფასს. სიმარტივისთვის, პირობითად, თუ 1 ჰექტარი მიწის საბაზრო ფასი არის 1000$, სახელმწიფო ბაზარზე შესვლის მომენტში ცდილობს, საბაზრო ფასზე დაბალი ღირებულებით შეაფასოს საკუთარი აქტივები, მაგალითად, 900$-ად, რათა მისი აქტივები სხვა აქტივებთან შედარებით უფრო მარტივად ლიკვიდირდეს და სწრაფად გაიყიდოს. კერძო მესაკუთრეები იძულებულნი ხდებიან, თვითონაც დაწიონ მიწის ფასი, რათა თავიანთმა საკუთრებამაც შეძლოს კონკურენციის გაწევა სახელმწიფოსთვის და მათი აქტივებიც გაიყიდოს. ამ მომენტში საბაზრო ფასი ქვემოთ მოდის, აქტივებზე ფასის კლება კი არც ისე წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკაა. ფასიანი პრივატიზების დროს სახელმწიფოს აქტივები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შესფერისი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ. გამოდის, რომ მოსახლეობის დაბალი ფენისთვის მიუწვდომელია მოცემული აქტივები და ღარიბი საზოგადოება ისევ ღარიბად რჩება, ხოლო შედარებით მაღალი ფენა იმ აქტივებიდანაც დამატებით ბენეფიციარს იღებს.

რა არის ფასიანი პრივატიზაციის ალტერნატივა და რისი მომტანი იქნება იგი ქვეყნისთვის:

შევეცდები გასაგებ ენაზე ავხსნა ა/ო ,,გახდი მესაკუთრე’’-ს გეგმა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საშუალებას მისცემს თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ და ნებისმიერ ადამიანს ხელი მიუწვდებოდეს სასურველ აქტივებზე.  შემოთავაზებული გამოსავალი არის უფასო პრივატიზება, რაც გულისხმობს, რომ ადამიანებს უფასოდ გადაეცეთ ის ქონება, რომლიც დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია. ოპტიმალურ ვარიანტად ისახება 80%-20%-ზე. 20%-ის სახით სახელმწიფო საკუთრებაში იტოვებს ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორებიცაა გზები, პორტები, რკინიგზა და ა.შ 

უფასო პრივატიზება ქვეყნისთვის ბევრად უფრო დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე ფასიანი. ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, თანაბარი სასტარტო პირობებით ისარგებლონ და სახელმწიფო საკუთრებიდან წილი თანაბრად მიიღონ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ,,გახდი მესაკუთრე’’-ს აქვს გეგმა, რომელიც ვაუჩერიზაციის მსგავს წარუმატებლობას თავიდან აგვარიდებს და ადამიანებს საშუალებას მისცემს, სამართლიან გარემოში გადაინაწილონ მოცემული ქონება, რაც ბევრად უფრო წარმატებული პრაქტიკა იქნება ეკონომიკის სწრაფი და ჯანსაღი ზრდისთვის.

ხალხი შეძლებს, დარიგებული ქონება საკუთარი მიზნებისა და ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს – ზოგი გაყიდის ამ ქონებას და მომენტალურ სარგებელს ნახავს, რაც მათ კეთილდღეობაზე აისახება, ნაწილი – ბიზნესს დაიწყებს… აქედან გამომდინარე გაიზრდება ადმიანთა ცხოვრების ხარისხი და არა მხოლოდ ადამიანთა, რადგან ქვეყანაში ფულზე ხელმისაწვდომობა უფრო მარტივი იქნება. ხალხი საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გადასახადებს გადაიხდის,  რაც გაზრდილი ბიუჯეტის გარანტიაა. აქედან გამომდინარე, ქონებაზე, რომელიც დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია, კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდგომ დარიგებულ მიწებზე თუ სხვა ქონებაზე ადამიანები ხელს შეუწყობენ ბიუჯეტის ზრდას, თანაც იმაზე მეტად, ვიდრე ამჟამად შედის ბიუჯეტში პრივატიზაციის გეგმით.

უფასო პრივატიზაციის დროს გაიზრდება მიწის ფასი, რადგან სახელმწიფოს ფიზიკურად აღარ დარჩება აქტივები, რომლებითაც კონკურენციას გაუწევს კერძო მესაკუთრეებს, ჯამში კი მივიღებთ საბაზრო ფასს, რომელიც მიწაზე მოთხოვნას გაზრდის, ეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია ქვეყანაში ახალი ინვესტიციებისთვის. ინვესტორებს ურჩვენიათ საკუთარი ინვესტიციები განახორციელონ ლიკვიდურ აქტივებში, სადაც მომენტალურად შეეძლებათ საკუთარი ინვესტიციების გაფულება და ბიზნესიდან გასვლა. ასევე, კერძო მესაკუთრეები უკეთ იზრუნებენ და მოუფრთხილდებიან იმ აქტივებს, რომლებიც დღეს დაკონსერვებულია, ვინაიდან ისინი მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდება….

საბოლოოდ, კერძო საკუთრება არის გარანტი ძლიერი და მყარი ეკონომიკისა, უფასო პრივატიზაცია კი ამის სწრაფი და მარტივი საშუალებაა.

სტატიის ავტორი: ეკონომისტი, გელა გრძელიძე

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img