სააკაშვილი უკვე არის ციხეში და მე კარგ საკანს არ დავამადლიდი სააკაშვილს – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, საარჩევნო წელი მოდის და მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნაც, მასთან ე.წ. ჩხუბიც და მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნა პოლიტიკური ნაბიჯია.
„არასდროს ვითხოვ, ადამიანი, ვინც ისედაც ციხეში ზის უფრო ცუდ ციხეში გადაიყვანონ. ეს ჩემი ზოგადი პოზიციაა, გინდ სააკაშვილს ეხებოდეს, გინდ სხვას. ამის გარდა, გასაკვირია ერთი მხრივ, გქონდეს კოალიცია და მეორე მხრივ, ითხოვდე უფრო მკაცრ ციხეში გადაყვანას. თანმიმდევრული არ იყო ეს პოზიციები. ჩემს კონკურენტებს რაც უფრო მეტი არათანმიმდევრული პოზიციები ექნებათ, ამაზე დიდად არ ვიღელვებ. სააკაშვილი უკვე არის ციხეში და სხვა საკანში უნდა გადაიყვანონ, თუ არა, მე არ ვარ ციხის დირექტორი. ბევრი პატიმარი იმყოფება უკეთეს მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან შედარებითაც, მაგალითად, რაც გამიგია, მე-16 დაწესებულება სასჯელაღსრულების უფრო კომფორტულია პატიმრებისთვის, ვიდრე სხვა დაწესებულებები, მაგრამ მე არ გამოვსულვარ და არ მითქვამს რომელიმე პატიმარზე ეს აქ რატომ ზის, გადაიყვანეთ სხვაგან, ეს ჩემი საქმე არ არის. ბუნებრივია, რომ სააკაშვილი ციხიდან აქტიურობს, რომ არ აქტიურობდეს ეგ უფრო გასაკვირი იქნებოდა და შეიძლება, ეს საკანი უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე სხვები, მაგრამ მე კარგ საკანს არ დავამადლიდი სააკაშვილს.
მოგეხსენებათ, საარჩევნო წელი მოდის და ამ წელს რაც არ უნდა ქნან პოლიტიკოსებმა, ყველაფერი პოლიტიკური მოტივით იქნება ნაკარნახევი. შესაბამისად, ეს მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნაც, მასთან ე.წ. ჩხუბიც და მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნაც ისეთივე პოლიტიკური ნაბიჯია, როგორც ცოტა ხნის წინ კოალიციების შექმნა, როგორც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახენებთ, რომ გახარიას გუნდი მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.