21 დეკემბერს პრაღაში კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამავე უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტმა დავიდ კოზაკმა სტუდენტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 25 დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ კოზაკი ხელოვნების ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტში სწავლობდა პოლონეთის ისტორიის მიმართულებით. ეს შემთხვევა 2015 წელს პარიზის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ევროპის ყველაზე მასშტაბული თავდასხმაა.
როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, დავიდ კოზაკმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შავი ფერის შაშხანის ტიპის იარაღი მიიტანა და სროლა იმ მომენტამდე არ შეწყვიტა, სანამ ის პრაღის პოლიციის თანამშრომლებმა არ დაჭრეს. პოლიციის ვარაუდით, დაჭრილმა თავდამსხმელმა სასიკვდილო ჭრილობა თავად მიიყენა და თავი მოიკლა. კოზაკის სხეული ახლა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
პრაღის პოლიციის ცნობით, დავიდ კოზაკმა პრაღიდან 21 კილომეტრში მდებარე სოფელში მოკლა მამა და შემდეგ წავიდა უნივერსიტეტში, სადაც ცენტრალურ მოედანზე ცეცხლი გახსნა. პოლიციამ მალევე მიიღო ინფორმაცია, რომ სოფლის სახლში მოკლული კაცი იპოვეს და შეიარაღებული თავდასხმები პრაღაში წავიდა, სადაც თვითკვლელობას გეგმავდა. 21 დეკემბერს შუადღის პირველი საათიდან პოლიცია დავიდ კოზაკს უკვე პრაღაში ეძებდა. დაახლოებით შუადღის სამ საათზე კოზაკმა ცეცხლი გაუხსნა თავის თანაკურსელებს უნივერსიტეტის ხელოვნების ინსტიტუტის კორპუსში.
ჩეხური მედიის ცნობით, კოზაკმა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ჩანს მისი ფანტაზიები სუიციდზე და მასობრივ მკვლელობაზე.
პრაღის პოლიციამ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ კოზაკის თავდასხმა შთაგონებული იყო რუსეთში 14 წლის მოსწავლის მიერ მოწყობილი თავდასხმით, სადაც ერთი მოსწავლე გარდაიცვალა და დაიჭრა ხუთი მათგანი.
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიტ რაკუსანის თქმით, პოლიცია ასევე იძიებს ტყეში მოკლული ახალგაზრდა კაცისა და ჩვილი ბავშვის მკვლელობას, რომელიც შესაძლოა დავიდ კოზაკს უკავშირდებოდეს.