საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 72.3 მილიარდი ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (51.2 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.4 პროცენტი), იმერეთი (8.8 პროცენტი), ქვემო ქართლი (8.6 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.2 პროცენტი).
ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (24.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.2 პროცენტი), მშენებლობა (9.7 პროცენტი). აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (16.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.5 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.5 პროცენტი). იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია დამამუშავებელ მრეწველობას (16.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (10.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (9.4 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (27.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.1 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (7.8 პროცენტი).