რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა არის ოკუპაციის სახე და შეგვახსენებს იმ სირთულეებსა და რისკებს, რის წინაშეც ყოველდღიურად დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისთვის, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
„რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა არის ამ ოკუპაციის სახე და შეგვახსენებს იმ სირთულეებსა და რისკებს, რის წინაშეც ყოველდღიურად დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისთვის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, გლობალურ და განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე 2023 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე გამოდგა.
„კვლავ გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინაში, გამძაფრდა კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, კვლავ არასტაბილურია მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში. მშვიდობიან სამხრეთ კავკასიას აქვს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების და სავაჭრო ლანდშაფტის რადიკალურად შეცვლის და შესაძლებლობების ბევრი ახალი ფანჯრის გახსნის რესურსი. ამიტომ მოუთმენლად ველით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და ძალისხმევას არ ვიშურებთ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.