პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ დე ფაქტო პარლამენტის გამოყენებით აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას.
,,ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს აფხაზურ საზოგადოებას ტერიტორიის და საკუთრების დასაცავად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ,,ლელოსთვის“ აფხაზეთი ფასეულია აფხაზ ხალხთან ერთად და მათი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსი ,,ლელოსთვის“ ნიშნავს იმასაც, რომ მომავალში აფხაზეთის საზოგადოება მსგავსი მოღალატეობივი ფაქტებისგან დაცული იქნება.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და საგარეო უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რატომ არ ხდება 2021 წელს, ,,ლელო საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი საპარლამენტო რეზოლუციით გათვალისწინებული დავალების, კერძოდ, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება.
,,ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ჩააყენოს საქმის კურსში საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ანექსიის კიდევ ერთი, ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის აღსაკვეთად და დასაგმობად, ასევე ფაქტების დოკუმენტირებისთვის.
,,ლელო საქართველოს“ მოუწოდებს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში განმარტოს, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოში რუსეთის ფედერაციის განგრძობადი ანექსიური პოლიტიკის შესასუსტებლად და შესაჩერებლად. აგრეთვე, რა გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები აქვს შემუშავებული ზემოაღნიშნული მიმართულებით. ამასთანავე, ახსნას და ანგარიში ჩააბაროს საკუთარ მოსახლეობას, თუ რა ხედვა აქვს და რა გაუკეთებია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამშვიდობო პოლიტიკის ხელშესაწყობად და მათთვის შეთავაზებების მიწოდების კუთხით. – ნათქვაქმია განცხადებაში.