თბილისის საკრებულომ “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის მშენებლობის შესახებ უნდა იმსჯელოს

Published:

თბილისის საკრებულომ “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხზე უნდა იმსჯელოს და დასკვნა მიიღოს.

ოპოზიცია თბილისის ცენტრში, ადგილზე, რომელიც სატრანსპორტო კვანძად ითვლება, 40 და 52 სართულიანი შენობების აგებას ეწინააღმდეგება, მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპონენტები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ პროექტის ფარგლებში, ლაგუნა ვერეს ისტორიული შენობის შენარჩუნება მოხერხდება.

საკრებულოს სხდომაზე, “ლაგუნა ვერეს” გარდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვაც იგეგმება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, კერძო ინტერესის სასარგებლოდ, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

“განაშენიანების რეგულირების გეგმა ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის განვითარებას, შესაბამისად, [ეწინააღმდეგება] კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ასევე ეწინააღმდეგება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. “ქართული ოცნება” ცდილობს, კერძო ინტერესის სასარგებლოდ, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ეწინააღმდეგება დედაქალაქში არსებული საცობების განტვირთვასა და მათსავე სატრანსპორტო პოლიტიკას”, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ოპოზიციონერი კოლეგები, ხშირად, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სახელებიდან და გვარებიდან გამომდინარე იღებენ.

“მოვისმინე მათი პოზიციები და, ძირითადად, ეს პოზიციები განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით იმიტომ, რომ კონკრეტულ სახელსა და გვარებს უკავშირებენ კონკრეტულ პროექტებს. ჩვენა ასე არ ვმსჯელობთ, პროექტებთან დაკავშირებით, ვმსჯელობთ პროექტიდან გამომდინარე და არა სახელებისა და გვარებიდან გამომდინარე. ჩვენი ოპოზიციური კოლეგები ორმაგ სტანდარტში შემჩნეულები არიან. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ პროექტი აბსოლუტურად შესაბამისია კანონთან “, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img