თბილისის საკრებულოში ხმაურია

Published:

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ.

მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა.

„გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაში, რატომ არ მაცდი საუბარს? მე ჩემს სიმართლეს ვიტყვი და შენ შენი სიმართლე თქვი გამოსვლის დროს. რა უბედურებაა, ასე როგორ შეიძლება მოქცევა, ლაპარაკს არ მაცდი“, – მიმართა სოხაძემ ლიპარტელიანს.

მას საუბარი ისევ ლილე ლიპარტელიანმა გააწყვეტინა და რევაზ სოხაძის განცხადებებს ტყუილი უწოდა.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ ძველი თბილისი ან თბილისი უფრო ნაკლებად უყვარს, ვიდრე ლილეს, ძალიან ცდება. არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ქალაქს ავნებს. ჩანს, ვის უყვარს თბილისი და ვის არა“, – მიმართა რევაზ სოხაძემ ლილე ლიპარტელიანს.

ხმაურის პარალელურად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ლილე ლიპარტელიანს მიმართა.

„ეტყობა „ათიანში“ გხვდება ასეთი აღელვებული რომ ხარ, ზრდილობაზე რომ არაფერი ვთქვათ. რა დღეში ხარ, სახეს ნუ დაკარგავ! რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობ, გესმოდეს მაინც, აცადე ადამიანს საუბარი, სირცხვილია. იცოდე მიკროფონს არ ჩაგირთავ!“ – განაცხადა ტყემალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img