ცოტნე კობერიძე – ისეთ 2024 წელს ვისურვებდი, სადაც პარტიის შიშით, ხალხს „გუთენ ტრაკენის“ ლაპარაკი არ უწევდეთ

Published:

ისეთ 2024 წელს ვისურვებდი, სადაც განვითარების იმ დონეს მივაღწევთ, რომ პარტიის შიშის გამო, ხალხს „გუთენ ტრაკენის“ ლაპარაკი არ უწევდეთ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შიშის გამო, ხალხი სრულ აბსურდს იგონებს.

„წეღან ითქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან: „თქვენ ტვინი მოგეცათ და ჩვენ ფულიო“. ამას ამბობს პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი ფული აქვს. წარმოიდგინეთ, ბიუჯეტის ფული რა ტვინის კაცს მივეცით, „გუთენ ტრაკენს“ რომ ამბობს. მოდით, ამ ამბავს ცოტა სერიოზულად შევხედოთ, რამ ათქმევინა იმ კაცს „გუთენ ტრაკენი“, ჩვენს მიერ რომ ფული აქვს მიცემული და მერე ამ ფულის ნაწილს უკან თქვენს პარტიას რომ უბრუნებს. რისი შეეშინდა, რომ მზად იყო ასეთი ტიპის აბსურდი ეთქვა? რატომ არ გაუკვირდა ეს ზარი? ასე რეკავენ ხოლმე ძმებო?

ვინ არის ის, ვის დარეკილზეც კაცი მზად არის სრული აბსურდი ილაპარაკოს, „დაგუგლვის“ გარეშეც კი. ეს შიშია ზუსტად ის პარტია, სუსი, რაზეც ვსაუბრობთ. ეს შიშია ზუსტად ბაღის დირექტორებს, სკოლის დირექტორებს რომ აგდებინებს. ეს შიშია ზუსტად, დეპუტატები ისეთ კანონს რომ აძლევენ ხმას, თვითონ საერთოდ რომ არ სჯერათ და არც მოსწონთ.

ვიღაცას უბანში დაურეკავენ და ეტყვიან, ნასამართლობას მოგიხსნით, თუ ასე იზამ. თუ არ იზამ, უარესად დაგიჭერო. ასე ურეკავენ სკოლის დირექტორებს, ყველას და ხალხი ასეთ შანტაჟშია“, – განაცხადა კობერიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img