ვფიქრობთ, უფრო სწრაფად შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამომდინარე იმ პროგრესიდან, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწინავე მთელს ამ რეგიონში და არ ვგულისხმობთ მხოლოდ უკრაინას, მოლდოვასა და არც მხოლოდ ბოსნიას, ვგულისხმობთ მათ შორის, სერბეთს, მონტენეგროს, ბალკანეთის სივრცის სახელმწიფოებს. ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ წასულია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. რაც შეეხება ასოცირების დღის წესრიგს, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უახლოეს წლებში დასრულდეს ჰარმონიზაცია. ვფიქრობთ, რომ 4-5 წელიწადში ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში. დანარჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი.
პირობა შეგვიძლია დავდოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჰარმონიზაციის კუთხით, დემოკრატიის მდგომარეობით, ეკონომიკის მდგომარეობით და ა.შ. ეკონომიკა რომ ავიღოთ და შევადაროთ საქართველო მოლდოვას. მარტო ამ ორ წელიწადში რვა მილიარდით გავზარდეთ ეკონომიკებს შორის სხვაობა მოლდოვასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ რვა მილიარდით წინ წავედით მოლდოვასთან შედარებით ევროინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როცა დღის წესრიგში დადგება გაწევრიანების საკითხი, მთავარი კრიტერიუმი იქნება მაინც ეკონომიკა. არასწორად წარმოაჩენენ ამ ყველაფერსაც. ამბობენ, რომ ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მერე გიჩნდება შანსი, ეკონომიკა გაიუმჯობესო. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ჯერ უნდა გაზარდო ევროპულ დონეზე ეკონომიკა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამ კუთხით ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, და ამ პერსპექტივაში გვაქვს იმის საშუალება, დავეწიოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან ევროკავშირის წევრები, საუბარია ყველაზე დაბალ რგოლზე ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.