29 დეკემბერს, დილით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, ხოლო 76 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
კლიმენკოს ინფორმაციით, კიევში დაიღუპა 2 ადამიანი, 18 დაშავდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები, სასაწყობე ნაგებობები.
ლვოვის ოლქში აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 9 დაშავდა,
დნიპროპეტროვსკის ოლქში მტერმა დაბომბა სავაჭრო ცენტრი, დაიღუპა 5 და დაშავდა 15 ადამიანი. რუსული ჭურვი მოხვდა სამშობიაროს. მაშველებმა 4 პაციენტი გადაარჩინეს.
ოდესის ოლქში რუსეთის ძალებმა დაბომბეს სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა იყვნენ ადამიანები. ასევე ოდესაში დაზიანებულია სულ მცირე ორი სახლი. 17-სართულიანი კორპუსიდნ მაშველებმა 23 მოქალაქე გადაარჩინეს. მინისტრის თქმით, ოდესის ოლქში დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 15 დაშავდა.
კლიმენკოს ინფორმციით, ხარკოვის ოლქში დაიღუპა ერთი ადამიანი, ცხრა დაშავდა. ექიმებმა დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ინფრასტრუქტურის ობიექტებზე – დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.