საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. მანამდე გავრცელებულ განცხადებაში უწყება ამბობდა, რომ ქვათაცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა 08:00 საათამდე იქნებოდა აკრძალული.
ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელიც კლდოვანი მასის გატანას ცდილობს, თუმცა გზის გაწმენდა ჯერ ვერ მოხდა.
“გაცნობებთ რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საჭირო ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად აგრძელებს გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისათვის აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – წერია განცხადებაში.
გზის ჩაკეტვის გამო, ვერ ხერხდება მესტიიდან პაციენტების გადმოყვანა, მანქანების გრძელ რიგში დგანან ტურისტები და ადგილობრივები, რომლებიც 4 საათზე მეტია გზის გახსნას ელოდებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის ჩაკეტვაზე ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ და მხოლოდ ადგილზე მისულებს განუცხადეს, რომ გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო.