ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ კუთხით არანაირი საშიშროება არ არსებობს, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა .
მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.
„ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს რაც ხდება – ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ – განაცხადა აზარაშვილმა.
კლინიკების შესაძლო გადავსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს.
„არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება,“ – განაცხადა აზარაშვილმა.