ქართული ფეროშენადნობების ფასები წლიურად 70%-ით შემცირდა

Published:

გალთ & თაგარტი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმად, გასული წლის დეკემბერში საქართველოს მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი წილის მქონე პროდუქტებზე გლობალური ფასების ცვლილებაა ასახული. მიმოხილვის თანახმად, დეკემბერში ფეროშენადნობების საექსპორტო ფასი 67,4%–ით შეგვიმცირდა, თუმცა უკვე მიმდინარე წელს ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი საქართველოსთვის ისეთ მნივშნელოვან ნედლეულზე, როგორიცაა სპილენძის მადნები და კონცენტრატები – ტონაზე $10 000.

ნავთობი

2023 წლის დეკემბერში ნავთობის ფასი თვიურად 7.0%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 10.3%-იანი კლება დაფიქსირდა. წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენებს ნედლეულის ფასზე თავდაპირველად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა – იემენელი ჰუსიტების თავდასხმების გამო, ბევრმა გადამზიდავმა სუეცის არხის გამოყენებაზე უარი თქვა, რის გამოც ხომალდებს აფრიკის კონტინენტის შემოვლა უწევთ. მიუხედავად წითელ ზღვასა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა, ნავთობის ფასები მცირედ კლებას განაგრძობს, რისი მიზეზიცაა ამერიკული ნავთობის მოსალოდნელზე ბევრად მაღალი ექსპორტი. წამყვანმა საინვესტიციო ბანკებმა ნავთობის ფასების მოლოდინი შეამცირეს, რაც OPEC+-ის გარდა სხვა მწარმოებლების გააქტიურებას მოჰყვა (განსაკუთრებით აშშ). ხუთი წამყვანი საინვესტიციო ბანკის საშუალო პროგნოზი ბარელზე 81 აშშ დოლარს შეადგენს 2024 წლისთვის.

ბუნებრივი აირი

2023 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 29.7%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 54.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ნავთობის მსგავსად, ბუნებრივი აირის ფასი ჰუსიტების თავდასხმების შემდეგ დროებით გაიზარდა. დამატებით, აირმზიდი ტანკერების ნაწილმა წითელ ზღვაზე თავის ასარიდებლად უფრო გრძელი მარშრუტები აირჩიეს, რამაც დანიშნულების ადგილამდე მისვლა თვეზე მეტი დროით გაზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ამინდი უარესდება, რაც ბუნებრივი აირის მოთხოვნაზე იმოქმედებს. ამის მიუხედავად ფასის მნიშვნელოვანი ზრდა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროპაში მარაგების მაღალი დონეა (86%).

ამონიუმის ნიტრატი

2023 წლის დეკემბერში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 52.0%-იანი კლება დაფიქსირდა. მცირე ზრდა თანხვედრაშია ჩვენს წინა მიმოხილვაში გაკეთებულ პროგნოზთან, რომლის თანახმადაც ზამთარში სასუქების ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნებოდა. ამასთან, ამონიუმის ნიტრატის წარმოების მთავარი კომპონენტის – ბუნებრივი აირის ფასის წნეხი შემცირდა (რაც მოსალოდნელია გაგრძელდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია არ მოხდა). მეორეს მხრივ, ჩინეთი ექსპორტის ნაცვლად, კვლავ საკუთარი მარაგების შევსებაზეა ორიენტირებული, ხოლო ბრაზილიაში ცხელი ამინდების გამო ნაადრევად დაიწყო სიმინდის თესვის სეზონი, რაც სასუქების ფასებზე დადებითად იმოქმედებს.

ხორბალი

2023 წლის დეკემბერში ხორბლის ფასი თვიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 7.1%-იანი კლება დაფიქსირდა. London Stock Exchange Group-ის (LSEG) მიხედვით, დეკემბერში უკრაინამ 2023 წლის მარტის შემდეგ რეკორდული ოდენობის ხორბალი და სიმინდი გაუშვა ექსპორტზე, მათ შორის აზიის მიმართულებითაც. გაზრდილი მიწოდება შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის წყალქვეშა ნაღმთან შეჯახებამ გადაწონა. ამ ამბის ფონზე, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 2.1%-ით გაიზარდა. დამატებით, როგორც წინა მიმოხილვაში იყო აღნიშნული, პეკინი 2023 წელს რეკორდული ოდენობის ხორბლის შეძენას გეგმავდა, რამაც აშშ-ს მოსალოდნელზე ნაკლები ადგილობრივი მარაგები დაუტოვა.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

2023 წლის დეკემბერში სპილენძის ფასი (ამ ნედლეულს საქართველოს მთლიან ექსპორტში ლომის წილი უკავია) თვიურად 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჩინეთში წარმოების მოსალოდნელზე სწრაფად გამოცოცხლებამ დეკემბერში მოთხოვნა მცირედით გაზარდა. დამატებით, სპილენძი და ლითიუმი განახლებადი ენერგიის (ელექტრო მანქანების, ელექტრო ქსელებისა და ქარის ტურბინების წარმოებაში) ძირითად წყაროდ რჩებიან, რაც ფასებზე დადებითად მოქმედებს. მეორეს მხრივ, პანამაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო First Quantum Minerals-ის მიერ წარმოების შემცირება ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს 2024 წელს. Goldman Sachs-ის მიხედვით, წლის განმავლობაში ერთი ტონა სპილენძის ფასი $10,000-ს მიაღწევს.

ფეროსილიკონი

2023 წლის დეკემბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 3.2%-ით გაიზარდა, ჩინურის კი უცვლელი დარჩა – ერთი ტონა $1,335. ევროპაში მცირე მატების მიუხედავად, წლის განმავლობაში ფასების აღდგენა თითქმის არ მომხდარა. წლის ჭრილში ევროპული ნედლეულის ფასი 30.2%-ით შემცირდა, ჩინურის კი – 18.8%-ით. შემცირებული საერთაშორისო ფასები ქართული ფეროშენადნობების ექსპორტშიც წლიური 67.4%-იანი კლებით აისახა.

ოქრო

2023 წლის დეკემბერში ოქროს ფასი თვიურად 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 13.1%-ით, რაც პირველი წლიური მატებაა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ანალიტიკოსების მიხედვით, მიუხედავად პოზიტიური წლისა, ოქროს 2024 წელს კიდევ უფრო მეტი ზრდის პოტენციალი დარჩა, რაც ძირითადად განვითარებულ ეკონომიკებში ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების კლებით იქნება გამოწვეული. მთავარი როლი ამ შემთხვევაში ჯერომ პაუელმა უნდა ითამაშოს – აშშ-ში შემცირებული ინფლაციის ფონზე ერთი წლის პერიოდში საპროცენტო განაკვეთის 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებაა მოსალოდნელი. დამატებით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო მომხმარებლის – ინდოეთის მოთხოვნა ოქროზე ჯანსაღად გამოიყურება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა (რისი მიზანიც რეზერვების დივერსიფიკაციაა) და შემცირებული მოპოვება, რაც, სავარაუდოდ, 2024 წელს ოქროს ფასზე პოზიტიურად აისახება. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის 20 სავაჭრო სესიიდან ოქროს ფასმა 18-ჯერ $2,000-ს გადააჭარბა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img