მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, სისუსტე – ეს ის სიმპტომებია, რომლებიც გრიპის ვირუსების ძირითადი მახასიათებლებია. ქვეყანა სეზონური გრიპის გავრცელების აქტიურ ფაზაშია. მედიკოსები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომლებიც მოსახლეობას ემუქრება. მათი თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ ძირითადი რეკომენდაციები დაიცვას.
„სფერო ნიუსი“ მედიკოსებს ესაუბრა და ეპიდვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოისმინა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები, განსაკუთრებით ხშირია 5 წლამდე ბავშვებში.
„საქართველოში ამჟამად ა ტიპის ვირუსია გავრცელებული. მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მკურნალობა განისაზღვროს. კლინიკური გამოვლინებები არ განსხვავდება კლასიკური გრიპისგან. 5 წლამდე ბავშვებში სიმპტომებს ძილის დარღვევა და გახშირებული სუნთქვა ემატება. უმჯობესია სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმის კონსულტაცია და მედიკამენტური მკურნალობა“. – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „სფერო ნიუსთან“.
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა საზოგადოებას დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, ჰიგიენური ნორმების დაცვას და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გამოყენებას ურჩევს.
„გავრცელებული ვირუსის მართვა სახლის პირობებში შესაძლებელია თუ დიცავთ რეკომენდაციებს, როგორიცაა სითხის მიღება, საჭიროების შემთხვევაში კი მედიკამენტოზური მკურნალობა. აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვაც. ხელების ხშირი დაბანა, დახურული სივრცის განიავება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება. საყურადღებოა რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანები და ასაკოვნები. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, ვირუსის გართულების პრევენციის მიზნით“ – განმარტავს ალექსანდრე გოგინავა.
ეპიდემიოლოგ, მაია კაშია ჰიგიენური ნორმების დაცვასა და გრიპის ვაქცინის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„როგორც წესი ვირუსული ინფექციების სეზონი იწყება გვიან შემოდგომაზე და გვიან გაზაფხულამდე გრძელდება, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემთხვევები კვლავ გაიზრდება. ჩვენი მიზანია ინფექციის გავრცელების შანსები მინიმუმამდე დავიყვანოთ. განსაკუთრებით დავიცვათ რისკ ჯგუფები. თავდაცვისთვის გვაქვს ორი ხელჩასაჭიდი საშუალება, ეს არის პირადი ჰიგიენა და ვაქცინაცია. როგორც ეპიდემიოლოგი ყველას მოვუწოდებ, რომ გრიპის სეზონური ვაქცინაცია გაიკეთონ. დაიცავით პირადი ჰიგიენა და იზოლაციის წესები, ნებისმიერი სავარაუდო სიმპტომების შემთხვევაში დარჩით შინ.“ – განაცხადა ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ „სფერო ნიუსთან“ საუბრისას.