მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, სადაც სტალინიცაა გამოსახული, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხატზე, კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს როგორც წმინდანი, ისე მწვალებლებიც. მათივე განცხადებით, ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში და არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა. საპატრიარქო შემომწირველებს მიმართავს, შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას თავად გააკეთებენ
“წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:
საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ.” ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ხატი სამებას პრორუსული “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა შესწირეს.