სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც, სამების საკათედრო ტაძარში, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ რადიკალური დაჯგუფებების მუქარის ობიექტი გახდა, ამბობს, რომ საფრთხის მიუხედავად, საქართველოს დატოვებას არ გეგმავს.
“დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მითუმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და “შეურაჯღობა” არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას.
სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი.
დროა სტალინის მსხვერპლთა მემორიალზე და კონკორდატის გაუქმებაზე ვიფიქროთ (ეს 2 რომ ერთად არ გამოდის, ამას, ალბათ მიხვდით)ჭავჭავაძის სახლმუზეუმს კითხეთ, სტალინის პორტრეტი რომ აქვთ, ზეთი/ტილო და ილია მეორის იქ ჩასვლისას რომ უკიდებდნენ ხოლმე. ამიტომ იმაშიც ეჭვი მეპარება, მატრონას ხატზე სტალინი წაშალონ.
დანარჩენი – ვნახოთ, რა და როგორ იქნება, აქ ვარ“– წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.
13 იანვარს, პრორუსული, რადიკალური ჯგუფის – „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, ნატა ფერაძისა და მისი მომხრეების მისამართით მუქარის შემცველი არაერთი განცხადება გაკეთდა.
აქციის ორგანიზატორებმა და მათმა მომხრეებმა აქტივისტის სისხლის სამართლის წესით დასჯა მოითხოვეს და მიმართეს სახელმწიფოს, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება – „სამართალს თავად აღასრულებენ“.
მანამდე ალტინფოს დაჯგუფებამ ნატა ფერაძის სახლთან აქცია გამართა. პოლიციამ მათ სახლთან მიახლოებს უფლება არ მისცა.