ყველას კარგად უნდა ესმოდეს, როდესაც იერიში მიაქვთ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, კონსტიტუციური ინსტიტუტები, ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიულ პრინციპებს და რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ნება-სურვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, უპირისპირდება ყველაფერ იმას, რაც არის ქართული.
„ეს ყველაფერი დადებითის მომტანი ნამდვილად ვერ იქნება, თუმცა ამაზე ჩვენ არ ვნერვიულობთ, მაგრამ საზოგადოებას ნათლად დავანახებთ, რომ ეს ადამიანები, ეს პირთა წრე, როგორც პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული და დაქვემდებარებული მედია, ასევე მათზე დამოკიდებული და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად უპირისპირდება ყველაფერ იმას, რაც არის ქართული და რომელიც წაადგება ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.