ალეკ ბოლდუინს ოპერატორის მკვლელობის საქმეზე ბრალი კვლავ წაუყენეს

Published:

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს, კვლავ წაუყენეს ბრალი 2021 წელს, გადასაღებ მოედანზე იარაღიდან გასროლის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი. ინფორმაციას CNN ავრცელებს შტატ ნიუ-მექსიკოს სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით.

ალეკ ბოლდუინი ამჯერად ორი მუხლითაა ბრალდებული არაგამიზნულ მკვლელობაში – „ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით გამოყენება“ და „გულგრილი ქმედება, ჩადენილი სხვების უსაფრთხოების სრული უგულებელყოფით“. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ბრალდებები განეკუთვნება მეოთხე კატეგორიის მძიმე დანაშაულს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მსახიობს ემუქრება 18 თვით დაპატიმრება.

ჰალინა ჰატჩინსის არაგანზრახული მკვლელობის ბრალდება ალეკ ბოლდუინს 2023 წლის 21 აპრილს მოუხსნა ნიუ-მექსიკოს შტატის პროკურატურამ. თუმცა, მოგვიანებით, უწყებამ განაცხადა, რომ გამოვლენილია „დამატებითი ფაქტები“.იარაღის განმეორებითმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბოლდუინს მისი გასროლა შეეძლო მხოლოდ მას შემდეგ, თუკი ის ჩახმახს გამოჰკრავდა თითს. მანამდე მსახიობი ირწმუნებოდა, რომ მას ეს არ გაუკეთებია: „მე არ დამიჭერია ჩახმახისთვის. არასდროს მივუშვერ იარაღს ადამიანს და არასდროს გამოვკრავ ჩახმახს“, – ამბობდა ის ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსახიობის ადვოკატები აცხადებენ, რომ ახალ სასამართლო პროცესს ელიან.უკრაინის მოქალაქე, ამერიკელი კინოოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი დაიღუპა 2021 წლის 21 ოქტომბერს, სანტა-ფეში, ფილმის Rust-ის გადაღებისას. დაიჭრა ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა. რევოლვერი „კოლტი“, რომლითაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ისროლა, საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა.2022 წლის თებერვალში, ჰალინა ჰატჩინსის ოჯახმა ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივლა სცენის გადაღების წინ არასაკმარისად მომზადების ბრალდებით, თუმცა, დაახლოებით 9 თვის შემდეგ სარჩელი გაიწვია. 2022 წლის ნოემბერში, სასამართლოში იჩივლა ბოლდუინმაც, რომელიც გადამღები ჯგუფის კონკრეტულ, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს ადანაშაულებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img