აღსრულების ბიურო – კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლებისას, აღსრულების პოლიციის მიმართ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს

Published:

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბიუროში აღნიშნავენ, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

ასევე, მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. მათივე ცნობით, კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობდა, რაზედაც მოვალემ უარი განაცხადა.

„2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img