გიორგი კალანდარიშვილი – თუ მე ვიქნები ოქტომბრის არჩევნებზე ცესკო-ს ხელმძღვანელი, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება

Published:

სრული პასუხისმგებლობა გამოვიჩინე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინ არსებულ ადმინისტრაციას ვმართავ ბოლომდე, ღირსეულად, მაღალპროფესიულ დონეზე – თუ მე ვიქნები ოქტომბრის არჩევნებზე ცესკო-ს ხელმძღვანელი, პირობას გაძლევთ, საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალპროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარებს არჩევნებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

პოლიტიკურ ლიდერებთან ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ, კალანდარიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ტექნოლოგიებთან მიმართებით, არსებითი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„ფაქტობრივად, დისკუსიამ რომელიც წარიმართა და კითხვა-პასუხმა ცხადყო, რომ ტექნოლოგიებთან მიმართებით, არსებითი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ტექნოლოგიები სრულად გამართულად ფუნქციონირებს, საერთაშორისო სტანდარტებით და პასუხობს კარგ პრაქტიკას, რაც ბევრ ქვეყანაში არსებობს. სახეზე გვაქვს ღია, საჯარო და გამჭვირვალე პროცესი, რომელთან მიმართებით არ არსებობს არსებითი წუხილი, რაც დამატებით დახვეწას ან გადახედვას საჭიროებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს გიორგი კალანდარიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პირი ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელი, ბიზნეს პროცესი არის იმდაგვარად გაწერილი და აპარატების ფუნქციონირება იმდაგვარად მორგებული საარჩევნო კანონმდებლობას და ჩვენს რეალობას, რომ იქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს და წუხილს, მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, კარგად წაიკითხონ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი თავმჯდომარე სრულ უფლებამოსილებაშია მანამ, სანამ არ მოხდება ახლით ჩანაცვლება. ეს პირდაპირ გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციების და სპეკულაციების მიზნით არის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას ცესკოს თავმჯდომარის არჩევის თაობაზე, კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ეს ცალკე შეფასების საკითხია, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ აქვს.

„მეტიც, სრული პასუხისმგებლობა გამოვიჩინე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინ არსებულ ადმინისტრაციას ვმართავ ბოლომდე, ღირსეულად, მაღალპროფესიულ დონეზე და თუ მე ვიქნები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ხელმძღვანელი, პირობას გაძლევთ, საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალპროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარებს არჩევნებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img