საკრებულოში, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

Published:

თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას მოჰყვა.

როგორც მან აღნიშნა, 10 თვეა მოქალაქეები აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და რეაბილიტაცია უსაფრთხოების წესების დაცვით არ მიმდინარეობს.

„სიმართლე გითხრათ, მჯეროდა, რომ დღევანდელ სხდომაზე თქვენ, კახა კალაძის უმრავლესობა თბილისის საკრებულოში ბოდიშს მაინც მოუხდიდით თბილისელებს, მათ შორის წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებს, რომლებიც ბოლო 10 თვეა აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. რას ამბობთ, ბატონო გიორგი, რომ წერეთლის გამზირზე ადამიანები კომფორტულად გადაადგილდებოდნენ და ორმოებში არ ცვივდებოდნენ? ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული. რეაბილიტაცია ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანი ორმოში არ ჩავარდეს. დამცავი ჯებირი უნდა არსებობდეს; ჭა არ უნდა იყოს თავმოხდილი… იმის თქმა გინდათ, რომ იქ უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობდა რეაბილიტაცია?! ჩემთან შეტევაზე გადმოდიხართ, იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებს ბოდიშს უხდიდეთ. ადამიანები ვერც უნდა ხვდებოდნენ და ხედავდნენ იქ რა სამუშაოები ტარდება. საკმარისზე მეტი ფული იხარჯება იქ, რომ ნორმალურად და ხარისხიანად კეთდებოდეს ყველაფერი. არ არის იქ ხარისხი, ამას გამოძიებაც არ სჭირდება. მივალთ და ვნახავთ, რომ ყველაფერი უხარისხოა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შარაშიძის განცხადებას, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა და მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

„კორექტული იყავი, ბოდიში მოსახდელი არავის აქვს. შეურაცხყოფებს თავი დაანებე!“ – განაცხადა ტყემალაძემ.

ამასთან, შარაშიძის ეს განცხადება გააპროტესტეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა. როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, მას ინფორმაცია არ აქვს, თუ რამდენი შრომაა ჩადებული და “სხვის გაკეთებულს ზერელედ უყურებს”.

“ყველაფერი ვადებში დასრულდება. არ იცი რა პრობლემებია, სხვის გაკეთებულს ზერელედ უყურებ. არ იცი რამდენი შრომა და წვალებაა ჩადებული, არ გაინტერესებს… ეს ქალაქი მეცოდება შენნაირი ოპოზიცია რომ ჰყავს დედაქალაქს”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img