მევახშე თანახმაა ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს

Published:

შეთანხმება შედგა – კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინის ახალი პატრონი, დარეჯან დვალი თანახმაა, 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს, იმ პირობით თუ – “ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები” შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას.

ადვოკატის განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი პირობა – დარეჯან დვალს ერთი თვის განმავლობაში უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს.

“ქალბატონი დარეჯან დვალი, ახლანდელი მესაკუთრე და ყოფილი მესაკუთრე – მარინა ხატიაშვილი შეთანხმდნენ, რომ მარინა ხატიაშვილს ეძლევა 1 თვის ვადა, რომ გამოისყიდოს ეს უძრავი ქონება 90 000 აშშ დოლარად იმ პირობით, რომ ქალბატონი მარინა ხატიაშვილი და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ მუქარას, ზეწოლას, ფსიქოლოგიურ შანტაჟს და ზემოქმედებას ქალბატონ დარეჯან დვალზე და, ასევე, თუ ამ ერთი თვის განმავლობაში ისინი მისცემენ დარეჯან დვალს საშუალებას, რომ თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი უძრავი ქონებით,”-აცხადებს ბინის ახალი მფლობელის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი.

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი დღის წინ მოექცა, როდესაც გამოსახლების ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობდა. დააკავეს 20 ადამიანი. ამ ყველაფერს კი წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა. ხატიაშვილები უარს აცხადებდნენ დარეჯან დვალის შეთავაზებაზე ქავთარაძის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება საჩუქრად მიეღოთ და ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი გარიგება რისკებს შეიცავს. დვალმა ბინა 2018 წელს საჯარო აუქციონზე შეიძინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img