მარინა ხატიაშვილი – აქამდე არასოდეს წამოსულან მსგავს შეთანხმებაზე

Published:

როგორც ცნობილია, კეკელიძის N1-ში მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების პროცესი მხარეებს შორის შეთანხმებით დასრულდა.

მისი ამბავი კი ასე დაიწყო, 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, “მევახშესთან” დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.

გუშინ, 24 იანვარს დარეჯან დვალის ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. მისი ინფორმაციით, დვალი თანახმაა, მარინა ხატიაშვილის ოჯახს ქონება დაუბრუნოს იმ შემთხვევაში, თუ ის ერთი თვის ვადაში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდის.

კიდევ ერთ პირობა დასახელდა, რომელზეც ე.წ. მორიგებაშია საუბარი – კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, უნდა შეწყდეს “ზეწოლა და შეურაცხყოფა”, რაც სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში “აგრესიული ჯგუფების მიერ” დარეჯან დვალის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

მარინა ხატიაშვიმა “სფერო ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ის ადვოკატის პირობას დათანხმდა და მზადაა დასახელებული თანხა გადაიხადოს.

” რათქმაუნდა დავთანხმდი შემოთავაზებულ პირობას, მიუხედავად იმისა რომ 70 000-ის გადახდისთვის ვიყავი მზად. ასევე ადვოკატმა დამისახელა კიდევ ერთი პირობა, რომ შევწყვიტოთ ზეწოლა და შეურაცხყოფა სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში დარეჯან დვალის წინააღმდეგ, თუმცა ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად ხდება და არ ვიცი მე რა უნდა გავაკეთო. მინდა აღვნიშნო, რომ აქამდე არასოდეს წამოსულან მსგავს შეთანხმებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ხნით არ გაიწელებოდა ეს საქმე.” – განაცხადა ხატიაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img