სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსული აქტივების კონფისკაციას

Published:

24 იანვარს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას და უკრაინისთვის გადაცემას ქვეყნის აღდგენისა და კეთილდღეობის მიზნით.

კომიტეტზე კანონპროექტს მხარი 20-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ მხოლოდ 1 წავიდა.

“ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს ეკისრება მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა, რომ დააფინანსოს უკრაინის აღდგენა, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინაში უკანონო შეჭრამ და ომმა გამოიწვია”, – განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა.

კარდინის განცხადებით, კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, იგი პირველად დართავს ნებას აშშ-ის მთავრობას, მოახდინოს იმ უცხო ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც აშშ ომში არ არის ჩართული.

მისივე თქმით, აშშ-ში 5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივია გაყინული.  სულ რუსული აქტივების რაოდენობა, რომელიც გაყინულია დანარჩენ მსოფლიოში, 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

“ამ კანონის მიღება, იმედია, წაახალისებს სხა ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რომლებთანაც ინახება რუსეთის სუვერენული აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა, მოახდინონ მათი კონფისკაცია და გადასცენ უკრაინას, მის საკეთილდღეოდ”, – თქვა კარდინმა.

2023 წლის ზაფხულში, ევროკავშირის სამუშაო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს რუსული აქტივების ჩამორთმევის სამართლებრივი გზა. ამის შემდეგ, ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა გაყინული სახსრების რეინვესტირების შესაძლებლობის შესწავლაზე, რათა ამ გზით მიღებული მოგება მიემართა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img