ტორესა მოსი – ქვეყანაში სიღარიბიდან ამოსვლა კავშირში არ არის შრომასთან

Published:

“საბანკო სექტორი, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია ამ ქვეყანაში არსებულ ბიზნესებს შორის. ვინმემ იცით ბანკებში დასაქმებული ადამიანების საშუალო მედიანური ხელფასი რა არის? ვინმემ იცით მაგალითად რამდენს უხდიან, ყველაზე დაბალი რგოლის თანამშრომლებს? მაგალითად იცით რამდენი აქვს ხელფასი ადამიანს, რომელიც კარში გხვდებათ და რიგის ნომრის აღებაში გეხმარებათ? ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, არის კატასტროფა. დაბალ და საშუალო რგოლში მომუშავე ადამიანებს და მენეჯმენტის რგოლში მომუშავე ადამიანების შრომის ანაზღაურებას შორის არსებობს უფსკრული თვით ყველაზე წარმატებულ სექტორშიც კი.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იმგვარი წესრიგია, რომ ადამიანის შრომის მოცულობა და შედეგი, რასაც ამ შრომით იღებს, არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან.

მაგალითად თქვენ მუშაობთ მიმტანად დღეში 12 საათს დღეგამოშვებით. თუ თქვენ იმუშავებთ 18 საათს 12-ის ნაცვლად ყოველ დღე, ამით თქვენი მდგომარეობა არ გამოსწორდება. შესაძლოა უარესი მოხდეს, ჯანმრთელობა დაიზიანოთ და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

თუ თქვენ მემკვიდრეობით არ მიიღეთ ქონება, ხართ ახალგაზრდა, მონდომებული ადამიანი და გინდათ თქვენი შრომით შექმნათ თქვენი ცხოვრება, ამის შანსი პრაქტიკულად არ გექნებათ.

ზუსტად ამის გამო გარბის ხალხი, რადგან ხვდებიან, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბიდან ამოსვლა კავშირში არ არის არც შრომასთან, არც ცოდნასთან და არც პროფესიონალიზმთან.

ახლა არ ვლაპარაკობ გამდიდრებას, ვლაპარაკობ საშუალო ცხოვრების დონეზე. იმისათვის რომ საშუალო ცხოვრების ხარისხი გქონდეს, ამ ქვეყანაში საჭიროა მინიმუმ გქონდეს 2000 ლარი თვეში, ესაა დაახლოებით ის თანხა, რომელიც დაგჭირდებათ საშუალოდ ცხოვრებისთვის ისე, რომ დანაზოგსაც ვერ გააკეთებთ. მაშინ როცა ქვეყანაში საშუალო მედიანური ხელფასი 800 ლარია, ხოლო ყველაზე წარმატებულ სექტორში, საშუალო მედიანური ხელფასი 1200 ლარს არ ცდება.

ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ და მათი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, მიდიან სამუშაოდ ევროკავშირში ან ამერიკაში, ცხოვრებას იწყებენ ნულიდან, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, შრომის ხარჯზე ახერხებენ რომ ყველაზე დაბალ პოზიციებზე მუშაობით იქ უკეთ იცხოვრონ, ვიდრე აქ ცხოვრობდნენ. ესაა სიმართლე,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ტორესა მოსი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img