თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება გადაიდო. აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და მათ იხელმძღვანელეს კანონით მიცემული შესაძლებლობით.
თბილისის ცენტრში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზანდუკელის N2-ში მდებარე იტალიური ეზოდან დღეს, 26 იანვარს, დილით, აღსრულების პოლიციას უნდა გამოესახლებინა მრავალსულიანი ოჯახი.
“ოჯახში არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი”, – ამბობენ მოძრაობა “ხმაში” – ორგანიზაციაში, რომელიც გამოსახლების წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებს.
პროცესის ხელშესაშლელად დილიდან ეზოში მოქალაქეთა ნაწილი შეიკრიბა.