პრემიერი – სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ

Published:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის თაობაზე მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

“ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა ყველა მიმართულებით.

დე ფაქტო, შეიძლება ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები და დღეს უკვე, შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, ეს მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას”, – თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, მზად არიან, რომ კიდევ უფრო მეტად განავითარონ სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან.

“საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში… ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თბილისს დღეს ეწვია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img