რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

Published:

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილის პროტესტი საავადმყოფოსთან გრძელდება.

მედიკოსების მთავარი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ. ისინი გეგმავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართონ.

მათი თქმით, ისინი სასამართლოში ორ სარჩელს შეიტანენ.

„სარჩელი უკვე მომზადებულია, მაგრამ ტექნიკური დეტალებია დარჩელი. სასამართლოში ჩვენ ორ სარჩელს შევიტანთ. ერთი მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნას ეხება, კერძოდ, საავადმყოფოს დემონტაჟს. მეორე სარჩელი კი ამ განკარგულების საფუძველზე უკვე გამოცემულ ბრძანებას რეორგანიზაციის შესახებ ეხება, რომელიც გულისხმობს ყველა სტრუქტურული ერთეულიდან თანამშრომლების დათხოვნას, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არ აპირებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

“ჩვენთვის შეხვედრას რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ წინაპირობად ვთქვით, რომ ეს ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ შეაჩერეთ და შემდეგ ვისაუბროთ. მთავრობამ განკარგულება მიიღო, რომელშიც ვადები არ არის გაწერილი. განკარგულებით სამინისტროს დავალებული აქვს, რომ ტენდერი შენობის დემონტაჟის შესახებ და შემდეგ ასევე, საერთაშორისო ტენდერი პროექტირების შესახებ გამოაცხადოს. რომ გადათვალოთ ამას რამდენი ხანი დასჭირდება – დაახლოებით 4-5 თვე, ამათ კი სასწრაფოდ მიიღეს ბრძანება საავადმყოფოს დახურვის შესახებ. და რატომ? – მაშინვე ჩნდება ეჭვი, რომ მიზანი საავადმყოფოს დახურვა იყო.

ისინი ყველა შეხვედრაზე გვპირდებოდნენ, რომ ჩვენს გარეშე რა დასკვნაც არ უნდა იყოს, არ იქნებოდა მყისიერი გადაწყვეტილება მიღებული და ა.შ. და უცებ მყისიერზე მყისიერი გადაწყვეტილება მიიღეს”, – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img