ილიაუნის რექტორი კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების შესახებ მოსამართლეს მიმართავს

Published:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს მიმართავს, რომელმაც კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმე უნდა განიხილოს. წერილი 29 იანვრით არის დათარიღებული.

“ვფიქრობთ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის”, – წერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წერილში.

პოლიციამ 23 იანვარს თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავა მოძრაობა “ხმის” ორი თანადამფუძნებელი: გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა – ორგანიზაციის, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.

პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.

დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img