ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, თსუ-ს მე-6 სასწავლო კორპუსში მსხვილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა.
თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შეიცვალა კონდიცირებისა და წყალარიდების სისტემა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
თსუ-ს კანცლერის ლაშა საღინაძის განცხადებით, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მე-6 კორპუსის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ამ კორპუსის შიდა ინფრასტრუქტურისა და სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია.
„თსუ-ს მე-6 კორპუსში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ახლა იგეგმება შიდა სამუშაოები. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თსუ-ს მე-6 კორპუსი სრულად რეაბილიტირებული, შშმ პირებზე მორგებული, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნება“, – განაცხადა ლაშა საღინაძემ.