ჩვენთვის ყველაზე პრინციპული საკითხია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობის საკითხი, ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომლის დასრულებაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტისთვის ბოლო ანგარიშის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება გულწრფელი საქართველოს მოქალაქეებთან.
„ეს არის პრეზიდენტობის ვადის ბოლო ანგარიში პარლამენტთან და დარწმუნებული ვარ, აცნობიერებს, რომ ცვლილებების დროა, რომ გარდაუვალია ხელისუფლების ცვლილება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესშია ეს და იმედი მაქვს, რომ ამ გზავნილს მოვისმენთ ჩვენ პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. ჩვენთვის ბუნებრივია, ერთ-ერთი და ყველაზე ყველაზე პრინციპული საკითხი მასთან მიმართებაში არის პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობის საკითხი. ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომლის დასრულებაც მას შეუძლია. ბუნებრივია, ამაზეც მექნება საუბარი დღევანდელ გამოსვლაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები და ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არა ერთი ადამიანის, არამედ ქვეყნის ევროპულ და ეროვნულ ინტერესშია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში დღეს უნდა წარუდგინოს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.