საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.
კობახიძეს კითხვით მიმართეს, დატოვებს თუ არა თანამდებობას მისი ოჯახის წევრი.
„რა თქმა უნდა. არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.